უჩა სოსიაშვილი - „სამგურალის“ წარმატება საკუთარ სტადიონზე დაბრუნებამაც განაპირობა
უჩა სოსიაშვილი - „სამგურალის“ წარმატება საკუთარ სტადიონზე დაბრუნებამაც განაპირობა
უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილმა წყალტუბოს „სამგურალმა“ მიზანს მიაღწია და ეროვნულ ლიგა 2–ში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. წყალტუბოელებმა ეროვნულ ლიგა 2-ში გადასასვლელ ორმატჩიან პლეი-ოფში ფოთის „კოლხეთი“ ჯამში 9:0 დაამარცხეს.
„სამგურალმა“ მე–18 ტურიდან მოყოლებული საკუთარ მოედანზე 10 დან 10 შეხვედრა მოიგო. გარდა ამისა, წყალტუბოური გუნდი ერთადერთია, რომელსაც გასულ ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე მარცხი არ განუცდია (14 გამარჯვება და 4 ფრე).
წყალტუბოელთა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა განვლილი სეზონი შეაფასა და წარმატების მიზეზებზე ილაპარაკა.
„თითოეულმა ჩვენთაგანმა – კლუბის ხელმძღვანელობამ, ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა დიდი შრომა გავწიეთ, ამ მიზნისთვის რომ მიგვეღწია. მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე კლუბის თავკაცებს ველაპარაკე და მათ განვითარებისთვის და წინსვლისთვის ყველანაირი პირობა შექმნეს. სავარჯიშო და სათამაშო პირობების მხრივ იდეალური გარემო იყო. გუნდის წარმატების ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი ისიც იყო, რომ წყალტუბოს სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ „სამგურალი“ საკუთარ არენას დაუბრუნდა. გასულ სეზონში წყალტუბოში თამაში არ წაგვიგია. გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია, პლეი-ოფში კი მათმა მხარდაჭერამ გუნდს კიდევ უფრო დიდი მუხტი შესძინა“. – ამბობს უჩა სოსიაშვილი.
მისი თქმით, ახალი სეზონიდან ეროვნულ ლიგა 2–ში ძლიერი გუნდები შეიკრიბნენ და დიდი კონკურენცია იქნება: „ძალიან დაძაბული ჩემპიონატი იქნება, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ ლიგა 2–შიეროვნული ლიგიდან სამი გუნდი დაქვეითდა, მათ სხვებიც არ ჩამოუვარდებიან, თითქმის ყველა ამბიციურია. ვფიქრობ, რომ მომავალი სეზონი ეროვნულ ლიგა 2–ში ბევრად უფრო საინტერესო და დაძაბული იქნება. რაც შეეხება „სამგურალს“ ჩვენი ამოცანა იქნება გაკეთთდეს ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც ყველა თამაშზე მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებს“.