უჩა სოსიაშვილი - „სამგურალი“ სეზონის დაწყებამდე გაძლიერდება
უჩა სოსიაშვილი - „სამგურალი“ სეზონის დაწყებამდე გაძლიერდება

წყალტუბოს „სამგურალი“ ეროვნულ ლიგაში 18-წლიანი პაუზის შემდეგ უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით დაბრუნდა – ახალგაზრდა სპეციალისტის გაწვრთნილებმა ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ადგილი დაიკავეს, გადასასვლელ პლეი ოფში კი საჩხერის „ჩიხურა“ ორივე შეხვედრაში დაამარცხეს (2:0, 1:0). გარდა ამისა, „სამგურალი“ საქართველოს თასზე, ფინალში ისე გავიდა, ყველა შეხვედრა მოიგო და გოლიც არ გაუშვია, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ტიტული პენალტების სერიაში დათმო.

„გუნდი თავიდანვე ეროვნულ ლიგაში გადასვლას ისახავდა მიზნად, თუმცა, მე-6 ტურამდე გამარჯვება არ გვქონდა და მიზნის მიღწევა ძალიან რთული ჩანდა. მნიშვნელოვანი იყო კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომლებმაც, „ცხელ გულზე“ არ იმოქმედეს, ნდობა გამომიცხადეს და მუშაობის გაგრძელების საშუალება მომცეს. გარდამტეხი მე-6 ტური გამოდგა, როდესაც საკუთარ არენაზე დუშეთის „არაგვი“ დავამარცხეთ (2:0). ფეხბურთელებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს. შემდეგ იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება მეორე ადგილზე მყოფ „გაგრასთან“ (1:0) და „შევარდენთან“ (2:0). თუმცა, მარტივად ამის შემდეგაც არაფერი მოსულა – მხოლოდ ბოლო ტურში გავინაღდეთ პლეი ოფის საგზური, სადაც „ჩიხურასთან“ ჩვენმა გუნდმა სეზონში საუკეთესო თამაში აჩვენა“, – ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი.

მისი თქმით, „სამგურალის“ წარმატებულ მუშაობზე ის ფაქტორიც მეტყველებს, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში „სამგურალის“ სამმა ფეხბურთელმა სერგო კუხიანიძემ, შალვა ბურჯანაძემ და ლუკა ასათიანმა ითამაშეს:

„კლუბებს მიზნად ისიც უნდა ჰქონდეთ, ქართულ ფეხბურთს ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები გაუზარდონ. ვფიქრობ, „სამგურალის“ ფეხბურთელებმა 21 წლამდე ნაკრებში თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს. სამწუხაროდ, ლუკა ასათიანი ტრავმის გამო გამოგვაკლდა და ბოლო თამაშებში ნაკრებსაც ვერ დაეხმარა, თუმცა იმედია, მალე გამოჯანმრთელდება და გუნდს მომავალშიც დიდ სარგებელს მოუტანს. ამ ბიჭების გარდა, ჩვენთან არაერთი საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებსაც მაღალ დონეზე თამაშის საშუალება აუცილებლად მიეცემათ. კლუბის ხელმძღვანელობას ბავშთა აკადემიასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს, ბევრი რამის გაკეთება იგეგმება, რასაც უახლოეს მომავალში გააჟღერებენ“.

სოასიაშვილმასამგურალის“ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:

„იმედია, პანდემია მალე წარსულს ჩაბარდება და ქომაგი სტადიონს დაუბრუნდება. გულშემატკივრების მხარდაჭერა ახლაც არ გვაკლდა, სტადიონზე თუ ვერ შემოდიოდნენ, სტადიონის გარედან გვქომაგობდნენ და მათგან უდიდესი მუხტი მოდიოდა. შეუძლებელი იყო, ამას გუნდზე დადებითად არ ემოქმედა. ზოგადად, მადლობა წყალტუბოელებს იმ დამოკიდებულებისთვის, რასაც ჩვენს მიმართ გამოხატავდნენ. ორი წელიწადია, ამ ქალაქში ვცხოვრობ და პირდაპირ ვიტყვი, აქაურობით მოხიბლული ვარ. წყალტუბო ულამაზესი ქალაქია და მას კიდევ უფრო მეტ ხიბლს ხალხი სძენს – ძალიან გულწრფელი და მეგობრული ადამიანები, რომლებიც მზად არიან ყოველთვის გვერდში დაგიდგნენ. ბედნიერი ვარ, რომ ეს ხალხი გავახარეთ“.

სოსიაშვილი იმედოვნებს, რომ „სამგურალი“ ეროვნულ ლიგაში სეზონის დაწყებამდე გაძლიერდება:

„გაძლიერებას და ფეხბურთელების დამატებას ვაპირებთ. თუმცა ძირეული ცვლილებები არ იგეგმება. ძირითადი ბირთვი უცვლელად დარჩება, სამწუხაროდ, ზოგიერთ ფეხბურთელთან დამშვიდობებაც მოგვიწევს, ეს ჩვეულებრივი, ნორმალური სამუშაო პროცესია და ჩვენც ვერ ავუვლით გვერდს. სავარაუდოდ, 8 იანვარს შევიკრიბებით და სამომავლო გეგმებზე უფრო კონკრეტული პასუხები ამის შემდეგ გვექნება“.