უჩა სეთური - ზედა ზღვრული ტარიფის შემცირებით, მცირე ინტერნეტოპერატორები მსხვილ ოპერატორებთან კონკურენციას შეძლებენ
უჩა სეთური - ზედა ზღვრული ტარიფის შემცირებით, მცირე ინტერნეტოპერატორები მსხვილ ოპერატორებთან კონკურენციას შეძლებენ

გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე ზედა ზღვრული ტარიფის შემცირების შედეგად, ინტერნეტის მომწოდებელი მცირე ოპერატორები შეძლებენ, კონკურენცია გაუწიონ მსხვილ ოპერატორებს, რომლებიც თავად არიან ინტერნეტ სერვისის შემომტანი ქვეყანაში და საცალო ბაზარზეც თავად მოქმედებენ, – ამის შესახებ მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა სეთურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ დღეს განაცხადა.

მისივე თქმით, რიგითი საცალო მომხმარებლები, ახალი ტარიფის ამოქმედების სიკეთეს, სავარაუდოდ, სექტემბრიდან იგრძნობენ – ინტერნეტი გაიაფდება ან ხარისხი გაუმჯობესდება.

გადაცემაში „ბიზნესპარტნიორში“ ინტერნეტ ბაზრის სატარიფო პოლიტიკის სტრატეგია და გამოწვევები განიხილეს მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე ზედა ზღვრული ტარიფი ერთ მეგაბიტ/წამზე 32 ლარიდან 9 ლარამდე შეამცირა.

სეთური მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საცალო ბაზარზე კონკურენციას გააჯანსაღებს და ბაზარზე მოქმედ მცირე და საშუალო ოპერატორებს ფაქტობრივად გადაარჩენს. თუმცა ბაზარი ახალი ცვლილების გავლენას დიდი ალბათობით, სექტემბრიდან იგრძნობს, რადგან ახალი რეგულაცია ძალაში ორ ეტაპად შევა: პირველი ნაწილი, რომელიც უშუალოდ გლობალურ ინტერნეტთან მიერთებას ეხება მომავალი თვიდან ამოქმედდება, შიდა ბაზარზე მიმართული რეგულაცია კი – პირველი აგვისტოდან.

„ამ რეგულაციის ამოქმედება ორ ეტაპად მოხდება. რაც შეეხება უშუალოდ გლობალურ ინტერნეტთან მიერთების ე.წ. აიპი ტრანზიტის საფასურს, ის შემდეგი თვიდან ამოქმედდება, ხოლო მეორე შიდა ინტერნეტის მიერთების საფასურზე, სადაც ტარიფი უკვე განახევრებულია, რეგულაცია პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. შესაბამისად, ბაზარზე ცვლილებებს მომხმარებელი თუ პირველი აგვისტოდან არა, სავარაუდოდ სექტემბრიდან იგრძნობს. სერვისების მომწოდებელ კომპანიებს ცვლილებების მიმართ მომზადებისა და შეთავაზებების გამოქვეყნებისთვის გარკვეული ვადები მიეცათ“, – განმარტა სეთურმა.

მისი შეფასებით, ახალი რეალობა წაახალისებს კონკურენციას როგორც წვრილ, ისე მსხვილ კომპანიებს შორის, თუმცა ჯერ  ვერ აკონკრეტებს, რამდენად მოსალოდნელია ინტერნეტის გაიაფება საცალო მომხმარებლისთვის. იგი არ გამორიცხავს, რომ ფასის კლების ნაცვლად, კომპანიებმა ინტერნეტის მიწოდების ხარისხი გააუმჯობესონ.

„გამიჭირდება თქმა, შემცირდება თუ არა ფასი რიგითი მომხმარებლისთვის. ეს დამოკიდებულია კომპანიების სტრატეგიაზე. საცალო შეთავაზებების ტარიფში საბითუმო შეერთების ღირებულებაც გარკვეულწილად შედის, თუმცა შეიძლება, ხარისხი გაიზარდოს. ამ შემთხვევაში, ტარიფის დაწესება განსხვავებულად ხდება და სანახავია, როგორ ხდება ტარიფის გამოყვანა“,- განაცხადა უჩა სეთურმა.

მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები გარდამტეხი ეტაპია ინტერნეტის ბაზარზე.

„ეს იყო გარდამტეხი ცვლილება, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მიჭირს შეფასება. ამით ხდება მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენა. მცირე ოპერატორები შეძლებენ, კონკურენცია გაუწიონ მსხვილ ოპერატორებს, რომლებიც თავად არიან ინტერნეტ სერვისის შემომტანი ქვეყანაში და საცალო ბაზარზეც თავად მოქმედებენ“, – აღნიშნა უჩა სეთურმა.