უჩა ნანუაშვილი - „იუესეიდიდან“ და აშშ-ის საელჩოდან ფინანსური, პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა გვქონდა, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში
რუსი პრანკერები ავრცელებენ ყოფილ სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელთან, უჩა ნანუაშვილთან ჩაწერილ საუბარს, რომელშიც უჩა ნანუაშვილს გარი კასპაროვის წარმომადგენლებად გაეცნენ. საუბარი ინგლისურ ენაზეა ჩაწერილი, ხოლო ნათარგმნი – რუსულ ენაზე.
გავრცელებულ ვიდეოში უჩა ნანუაშვილი საუბრობს ოპოზიციის გეგმებზე, დემონსტრაციების გახანგრძლივების საჭიროებაზე.
„ჩვენ ვემზადებით დიდი დემონსტრაციებისთვის. ამავე დროს უნდა გავახანგრძლივოთ დემონსტრაციები და პროტესტი ქალაქებსა და სოფლებში, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ასევე მოვემზადოთ გაფიცვებისთვის“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.
კითხვაზე, – როგორ დაგეხმარათ „იუესეიდი“ ან აშშ-ის საელჩო, ნამდვილად ცდილობენ თქვენს დახმარებას? – უჩა ნანუაშვილი პასუხობს, „დიახ, საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართული“.
„განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში. გვქონდა, როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა. დიახ, განსაკუთრებით მიგვიღია შეერთებული შტატების მხრიდან. ევროკავშირი ასევე გვიჭერდა მხარს. მინდა, აღვნიშნო, რომ ასევე გვყავს არაოფიციალური დანაყოფები, როგორც „მაიდანზე“, უკრაინაში. არიან სამოქალაქო პირები ნიღბებში, არის ხალხი მმართველი პარტიიდან, მაგრამ ასევე არის ხალხი კერძო დაცვის კომპანიებიდან და ისინი შეიარაღებული არიან“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.