უარყოფითი კალორიების მქონე საკვები არ არსებობს - ახალი კვლევა
უარყოფითი კალორიების მქონე საკვები არ არსებობს - ახალი კვლევა

ალბათ ძნელად მოიძებნება რომელიმე სხვა პროდუქტი, რომელიც დიეტაზე მყოფ ადამიანებს შორის ისე პოპულარული იყოს, როგორც ნიახური. ამ მწვანილის ერთი ღერი მხოლოდ რამდენიმე კალორიას შეიცავს და ხშირად მას უარყოფითი ენერგიის საკვებსაც უწოდებენ.

თუმცა, ეს ამბავი სიმართლე არ არის. ხვლიკებზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ უარყოფითი კალორიების მქონე საკვების არსებობა ეჭვქვეშ დააყენა; გარდა ნიახურისა, ასეთი მოსაზრება არსებობდა სალათის ფოთლების, გრეიფრუტის, კიტრისა და ბროკოლის მიმართაც.

კვლევა ჯერ ადამიანებზე არ ჩატარებულა. ამისათვის მკვლევრებმა Pogona vitticeps-ის სახეობის ცხრა ხვლიკი გამოიყენეს. ყველაფრისმჭამელი ეს ხვლიკი ავსტრალიაში ბინადრობს. ისინი საკვებს ზუსტად ადამიანთა მსგავსად გადაამუშავებენ.

ათდღიანი შიმშილობის შემდეგ, ხვლიკებს ნედლად დაჭრილი ნიახური მისცეს. საკვების გადამუშავების, კუჭში გასვლისა და მოშარდვისას დაკარგული ენერგიის გამოანგარიშების შემდეგ, მკვლევრებმა სუფთად ათვისებული ენერგია გამოთვალეს.

როგორც გაირკვა, საჭმლის მონელებისთვის ცხოველებმა კალორიების 33 პროცენტი გახარჯეს, 43 პროცენტი კი აითვისეს. საბოლოო ჯამში, ხვლიკებმა კალორიების 24 პროცენტი შეინარჩუნეს — ნიახურის კალორიული ენერგიის სრული ოდენობის დაახლოებით მეოთხედი.

როგორც მკვლევრები წერენ, ემპირიულმა კვლევამ ეჭვქვეშ დააყენა მოსაზრება, რომ ნიახური „უარყოფითი კალორიების“ მქონე საკვებია და ზოგადად, ეჭვქვეშ დადგა ასეთი საკვების არსებობა.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა ჩვეულებრივ გათვლებს მიმართეს. პირველ რიგში, ნიახურის დაღეჭვასა და ჩაყლაპვას ენერგიის 25 პროცენტი მიაქვს. მეორეა 5 პროცენტი ენერგიის დაკარგვა შარდის გზით. და ბოლოს, ხდება ბოჭკოს ენერგიის 30 პროცენტის ათვისება.

ასეთ მოცემულობაში, მკვლევრებმა გამოთვალეს რა ხდება, როცა ადამიანი ჭამს ნიახურს, ბროკოლის, ვაშლს, სტაფილოს, გრეიფრუტს, პომიდორს, კიტრს, საზამთროს, მწვანე სალათის ფოთლებსა და მოცვს.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, თითოეული ამ საკვების შემთხვევაში, ათვისებული სუფთა ენერგია 64 პროცენტს შეადგენდა. შესაბამისად, თუ ადამიანი მოცვის 100 კალორიას შეჭამს, აითვისებს 64 კალორიას.

ენერგიის ეს ოდენობა სულაც არ არის ბევრი. ადამიანის მეტაბოლიზმი ამ კალორიებს სწრაფად შთანთქავს. 60 კგ წონის მქონე ქალს ყოველდღიურად 12 კგ ნიახური სჭირდება ორგანიზმში მიმდინარე მოდუნებული მეტაბოლიზმის შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომ არის ნიახური და მსგავსი პროდუქტები კარგი წონაში დასაკლებად.

კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის და ხელმისაწვდომია სერვერზე bioRxiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.