საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულია სამი პირი. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 10 338 კოლოფი, ხოლო თბილისში, 1 477 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 50 000 ლარს აღემატება.
გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულ იქნა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.