ესპანეთი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს სოლიდარობის გეგმას, რაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს
ესპანეთი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს სოლიდარობის გეგმას, რაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს

უახლოეს მომავალში ესპანეთი სოლიდარობის გეგმის შესახებ გამოაცხადებს, რაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არანჩა გონზალეს ლაიამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ერთობლივი ქმედებები და სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობა იყო საუბრის მთავარი თემა მადრიდში გამართული შეხვედრისას. უწყების ცნობით, საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ბოლო პერიოდში არსებული თანამშრომლობის მაღალ დინამიკას და ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკის სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „კოვიდ“-პანდემიის რთული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად.

„ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის ქართველი კოლეგის მასპინძლობა ესპანეთში. გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია პანდემიის დროს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ პირადად შევხვდით ერთმანეთს. ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმისთვის, რომ საქართველო-ესპანეთის ორმხრივ ურთიერთობებს მივცეთ გარკვეული ბიძგი, გადავიყვანოთ ახალ საფეხურზე და განსაკუთრებული ფოკუსირება მოვახდინოთ ტურიზმზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესზე, იმ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა. ჩვენ ასევე განვიხილეთ „კოვიდ“-პანდემიით შექმნილი მდგომარეობა და მე გავაჟღერე ესპანეთის გეგმა, რომ ძალიან მალე დაამტკიცოს ვაქცინებთან დაკავშირებული „სოლიდარობის გეგმა“ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მსოფლიო მასშტაბით. ეს არის ჩვენი, როგორც ესპანეთის, ერთგვარი გზავნილი, თუმცა ეს ასევე გახლავთ გზავნილი, რომელიც გვსურს გაჟღერებულ იქნას ევროკავშირის მიერ სოლიდარობის ნიშნად, რათა ყველა ქვეყანას ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე. არავინ იქნება დაცული, ვიდრე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ.

ამასთან, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ გაერო-ში მიმდინარე მოვლენებზე მრავალმხრივი ფორმატების კუთხით. განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები სახელმწიფოების მთლიანობის დაცვიდან, გოგონებისა და ქალთა უფლებების დაცვამდე, ასევე ბირთვული განიარაღების თემა, რომელზეც ჩვენ გავაგრძელებთ 2021 წელს ერთობლივად მუშაობას“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ესპანეთში სამუშაო ვიზიტი კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. დღესვე, დავით ზალკალიანი შს მინისტრს და ესპანეთის მეფეს შეხვდება. საგარეო უწყების ხელმძღვანელის ესპანეთის სამეფოში ვიზიტი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატ ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევნებს უკავშირდება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.