უაითი დვალიშვილით უკმაყოფილოა - ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია #1TVSPORT
UFC-ის პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა და მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. დეინა უაითმა გაღიზიანება არ დამალა და ქართველი მებრძოლი გააკრიტიკა.
დვალიშვილმა არაერთხელ გამოხატა პრინციპული პოზიცია, რომ თავის მეგობრთან, ალჯამეინ სტერლინგთან ჩხუბს არ აპირებს. ო’მალისთან მარცხის შემდეგ სტერლინგი ქამრის გარეშე დარჩა. თუმცა მერაბმა ამ შემთხვევაშიც მეგობრისთვის სასარგებლო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ტიტულის დასაბრუნებლად ჯერ სტერლინგმა უნდა იბრძოლოს და ალჯო ო’მალისთან რევანშს იმსახურებს. როგორც ჩანს, მსგავსი დამოკიდებულება UFC-ის პრეზიდენტისთვის მიუღებელია და დეინა უათის მკაცრ ტონს, შესაძლოა, დვალიშვილისთვის გარკვეული პრობლემები მოჰყვეს.
„ვინც ახლა დარბაზშია ან ამ ვიდეოს უყურებს, იცის, რას ვფიქრობ ამ უაზრობაზე. მძულს ასეთი დამოკიდებულება. რატომ უნდა მოხვიდე ამ სპორტში, თუ მსგავსი მენტალიტეტი გაქვს – „არ მინდა ტიტული“, „არ ვფიქრობ ჩემპიონობაზე“, „ჩვენ მეგობრები ვართ“ და ა.შ.
აქ ბევრთან შეგიძლია მეგობრობა, რადგან ამ ბიზნესში უამრავი კარგი ადამიანია. თუმცა ეს სპორტი არ არის მეგობრობა, არამედ ის, თუ ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო. თუ არ გსურს, გარკვიო პლანეტის ყველაზე მაგარი მებრძოლის ვინაობა, აქ შენთვის შესაფერისი ადგილი არ არის. შეგიძლია, სხვაგან გადახვიდე – ჩხუბი ბევრგან შეიძლება, სადაც ფეხებზე ჰკიდიათ, რას გააკეთებ. მსგავსი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა დეინა უაითმა.