U21 | რამაზ სვანაძე - ნიდერლანდებთან წაგება ჩვენთვის გაკვეთილია #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდების ნაკრებთან წაგებული მატჩის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„რა დონის მეტოქეც არ უნდა იყოს, ნებისმიერი მარცხი ჩვენთვის მტკივნეული და მიუღებელია. თამაში იყო დაყოფილი რამდენიმე ეპიზოდად. 0:0-ზე გვქონდა საგოლე შანსები, რომლის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, თამაშის სურათი შეცვლილიყო. შემდეგ ორი გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავუშვით. მიმაჩნია, რომ ასეთი ბურთები არ უნდა გაგვეშვა. ვარჯიშებზე სტანდარტულების დამუშავებას დიდ დროს ვუთმობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, შეცდომები მაინც დავუშვით.
ამ ორმა გოლმა მთლიანად შეცვალა თამაშის სურათი. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ამ ეტაპზე ჩვენზე მაღალი დონის გუნდია, ვთვლი, რომ „მშრალი“ ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ეს ფეხბურთია, ნიდერლანდებთან წაგება კი ჩვენთვის გაკვეთილია.
აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ფეხბურთელების უმრავლესობამ, ვინც მოედანზე იყო, ასეთი დონის მეტოქესთან პირველად ითამაშა, მათ ამის გამოცდილება არ ჰქონდათ. დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ერთად ჩვენ კიდევ უფრო მოვუმატებთ, რადგან გუნდში ამის პოტენციალი არის“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.
საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 17 ოქტომბერს ბათუმში შვედეთის 21-წლამდელთა წინააღმდეგ ჩაატარებს.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.