U21 | ევრო 2025-ის პლეი ოფის პირველ მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

„მიხეილ მესხი არენაზე“ გამართული შეხვედრა ახალგაზრდა „ჯვაროსნებმა“ შესანიშნავად დაიწყეს და მე-4 წუთზე ანგარიში გახსნეს – მარჯვენა ფლანგზე სწრაფად განვითარებული შეტევა გიზი მამაგეიშვილის დარტყმით დასრულდა, მარკო სოლდოს ფეხიდან ასხლეტილი ბურთი კი ხორვატების კარში აღმოჩნდა.

ამის შემდეგ უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს და წონასწორობის აღდგენა რამდენჯერმე შეეძლოთ, მაგრამ ლოვრო ზვონარეკის, მარკო სოლდოსა და მატია ფრიგანის შეტევები უშედეგოდ დასრულდა და ტაიმიც ქართველებმა მოიგეს.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებისთვის სასურველი სცენარით წარიმართა: 61-ე წუთზე გიზი მამაგეიშვილმა მეკარე ნიკოლა ჩავლინას დაასწრო, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი მოცელა, ბოლო იმედის ჯარიმისთვის კი არბიტრმა მოედნიდან გააძევა და სტუმრები 10 მოთამაშით დარჩნენ.

დარჩენილი დრო საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ქართველმა ფეხბურთელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და უპირატესობის გაზრდას ცდილობდნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობით ვერ იასრგებლეს და საბოლოოდ 1:0 გაიმარჯვეს.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს ხორვატიაში გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი ევრო 2025-ის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.


საქართველო – ხორვატია 1:0


გოლი: 1:0 სოლდო (4-საკუთარ კარში)

გაძევება: ჩავლინა (66)

საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე, აზაროვი (90. მორჩილაძე), მამაცაშვილი (66. აბუაშვილი), უგრეხელიძე, ლაცაბიძე, კვერნაძე, გ. მამაგეიშვილი (66. სიგუა), ოდიშარია, გაგნიძე, ო. მამაგეიშვილი (76. გორდეზიანი)

სათადარიგო: მაქაცარია, ოდიშვილი, ლორთქიფანიძე, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე, ირაკლი ეგოიანი.

ხორვატია: ჩავლინა, ცვიანოვიჩი, ვალინჩიჩი, ვუშკოვიჩი, ბადელი, ჰოჯა (90+5. ბარზიჩი), სოლდო, ზვორანეკი (63. კოლიჩი), სტოიკოვიჩი (59. ცრნაცი), ფრიგანი (59. ბიუკი), ივანოვიჩი (59. შოტიჩეკი)

სათადარიგო: პრეკოდრავაცი, ტეპშიჩი, ჰრგოვიჩი, ვიდოვიჩი.

არბიტრი: ადამ ლადებეკი