U21 | ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი - ფინალამდე ძალების აღსადგენად ცოტა დრო გვაქვს #1TVSPORT
ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სანტი დენიამ უკრაინასთან ნახევარფინალის მოგებისა (5:1) და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და არ დამალა, რომ დიდი ანგარიშით მოგებას არ ელოდა.
საინტერესოა, რომ სანტი დენიას შესაძლებლობა აქვს, გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელმაც ევროპის 17, 19 და 21-წლამდელთა ჩემპიონატები ერთი თაობის ფეხბურთელებით მოიგო.
„წარმატება იმის შედეგია, რომ ბურთს ვფლობდით და ჩვენი თამაშის მოდელს ვუერთგულეთ. გამარჯვების იმედი მქონდა, რადგან კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ასეთ ანგარიშს ნამდვილად არ ველოდი, რადგან სერიოზული მეტოქე გვყავდა – უკრაინის ნაკრები ერთი ოჯახივითაა, ძლიერი და მებრძოლი გუნდია, მაგრამ მშვიდად ვიყავით და ფეხბურთელებმა იმედები გაგვიმართლეს. მჯერა, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.
პირველი ტაიმი რთული იყო, მიხაილო მუდრიკმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, მაგრამ მეორე ნახევარში ის გავანეიტრალეთ და ყველაფერი შეიცვალა. ამან მოგვცა საშუალება, შეტევაში უფრო აქტიურად გვეთამაშა.
ბუქარესტში ძალიან კარგ პირობებში ვიყავით და კარგი იქნებოდა, ფინალიც აქ გვეთამაშა. საერთოდ, ამ ქალაქთან კარგი მოგონებები მაკავშირებს – 2011 წელს აქ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ. ფინალში გასვლა ძალიან გაგვიხარდა, იმედია საქართველოში საუკეთესო პირობებში მოვემზადებით.
უკვე ბათუმში გასამართ ფინალზე ვფიქრობთ. თავს ფავორიტად არ მივიჩნევთ, რადგან ინგლისის ნაკრებს ვხვდებით, რომელსაც ტურნირზე ჯერ ერთი ბურთიც არ გაუშვია. ახლა მოთამაშეებმა უნდა დაისვენონ და ძალები აღიდგინონ. ამისთვის კი ცოტა დრო გვაქვს, მით უმეტეს, საქართველოში გამგზავრებაც გვიწევს. ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მეექვსედ სურს, ესაა ჩვენი მიზანი“, – განაცხადა ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.