ტყვიის სროლა | მარიამ ფროდიაშვილი ევროპის ჩემპიონია - საქართველომ გუნდურ შეჯიბრებაშიც ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებისთვის გიორში (უნგრეთი) მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე გაცილებით წარმატებული გამოდგა. ამჯერად ოქროს მედლები მოპოვებულია როგორც პირად, ასევე გუნდურ შეჯიბრებაში.
პირადი პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ჩვენი სამეულიდან ფინალში მხოლოდ მარიამ ფროდიაშვილი გავიდა, თუმცა მარიამ აბრამიშვილსა და სალომე ფროდიაშვილსაც კარგი შედეგები ჰქონდათ, რამაც საქართველოს ნაკრებს გუნდურში გამარჯვება მოუტანა. გასათვალისწინებელია, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად ჩატარდა არა ცალკე ტურნირი, არამედ ოქროსმედალოსანი ნაკრები სამივე მონაწილის შედეგების დაჯამებით გაირკვა. ჩვენს გუნდს 1695 ქულა დაუგროვდა და 14 ქულით აჯობა მეორე ადგილზე გასულ იტალიას. მესამე შედეგი – 1677 ქულა გერმანიას აღმოაჩნდა.
ოქროს მედალია მოპოვებული პირად პირველობაშიც – მარიამ ფროდიაშვილმა 10 მეტრზე პნევმატიკური იარაღიდან სროლაში ევროპის ჩემპიონობა ევროპის ახალგაზრდული რეკორდით – 242.2 ქულით მოიპოვა.
ერთი დღით ადრე მარიამ ფროდიაშვილმა, გიორგი მუმლაძესთან ერთად, შერეულ წყვილებში 10 მეტრზე პნევმატიკური იარაღიდან სროლაშიც იზეიმა ჩემპიონობა.