ტყუპი ძმები ბენდერები ამ სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებენ
ტყუპი ძმები ბენდერები ამ სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებენ

ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერის „ლევერკუზენის“ მცველები – ლარს და სვენ ბენდერები არ გააგრძელებენ კონტრაქტებს თავიანთ ამჟამინდელ კლუბთან და 2020-21 წლების სეზონის შემდეგ დაასრულებენ კარიერას.

ლარს ბენდერი „ლევერკუზენში“ 2009 წლიდან თამაშობს, სვენი – 2017 წლიდან. ორივე კარიერას „მიუნხენ 1960“-ში იწყებდა.

„მომავალთან დაკავშირებით ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ იმ გადაწყვეტილებამდე მივედით, რომ აღარ გავაგრძელებთ თამაშს „ლევერკუზენში“. ვგრძნობდით, რომ საჭირო იყო ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობისთვის დროულად შეტყობინება.

ეს გადაწყვეტილება მივიღეთ არა კლუბის საზიანოდ, არამედ მის სასარგებლოდ. მივხვდით, რომ 2021 წლის ზაფხულის შემდეგ, ჩვენ გაგვიჭირდებოდა ფეხბურთის ისევ უმაღლეს დონეზე თამაში. ვინც ჩვენ გვიცნობს, იცის, რომ ყოველ დღე 100 პროცენტით ვიხარჯებით. ეს ჩვენთვის ყოველთვის ძირითადი მოთხოვნა იყო ვარჯიშებსა და თამაშებზე. სამწუხაროდ, ასეთ დონეზე ყოფნა სულ უფრო რთული ხდება. სულ უფრო მეტად ვეჯახებით ტკივილსა და ფიზიკურ პრობლემებს“, – წერია ტყუპი ძმების განცხადებაში.

სვენ ბენდერს საუკეთესო წლები „დორტმუნდში“ (2009-17) აქვს გატარებული და ამ გუნდთან ერთად ორ-ორჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და თასი. მას გერმანიის ნაკრებში შვიდი მატჩი დაუგროვდა.

ლარს ბენდერი 2009 წლიდან თამაშობს „ლევერკუზენში“. მას 19 მატჩი და ოთხი გოლი აქვს გერმანიის ნაკრებში.

31 წლის ძმებს 2008 წელს მოგებული აქვთ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. ამ ტურნირზე მათ საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გაიყვეს. 2016 წლის ოლიმპიადაზე ძმები ბენდერები ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.