„ტვიტერმა“ ე.წ. რუსეთის ტროლების კიდევ ათასობით ანგარიში აღმოაჩინა
„ტვიტერმა“ ე.წ. რუსეთის ტროლების კიდევ ათასობით ანგარიში აღმოაჩინა

სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ წარმომადგენლებმა ე.წ. რუსეთის ტროლების კიდევ ათასობით ანგარიში აღმოაჩინეს, რომლებიდან 2016 წელის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ინფორმაციის გავრცელება ხდებოდა.

როგორც „ტვიტერის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, მას შემდეგ, რაც ნოემბერში ისინი კონგრესის წინაშე წარდგნენ, აღმოჩენილია რუსეთის ტროლებთან დაკავშირებული კიდევ 13 512 ანგარიში. ამგვარად, საერთო რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა.

„ტვიტერის“ ახალი კვლევის თანახმად, სანქტ-პეტრბურგში მდებარე „ინტერნეტ კვლევების სააგენტოსთან“ იგივე „ტროლების ქარხანასთან“ არის დაკავშირებული არა 1 062, როგორც აქამდე იყო ცნობილი, არამედ 3 814 ანგარიში. აღნიშნული ანგარიშებიდან საერთო ჯამში დაახლოებით 176 ათასი შეტყობინება გაიგზავნა.

ამერიკული კომპანიის მონაცემებით, ამ ანგარიშებიდან გავრცელებული ინფორმაცია, როგორც წესი, მიზნად ისახავდა აშშ-ში პოლიტიკურ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის კონფლიქტის გაღვივებას.

კომპანია „ტვიტერში“ აცხადებენ, რომ აღნიშნულ ინფორმაციას მიაწვდიან დაახლოებით 700 ათას მომხმარებელს, რომლებსაც ზემოაღნიშნულ ანგარიშებთან ჰქონდათ ინტერნეტით კონტაქტი.