თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მიღების პროცედურები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება
თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მიღების პროცედურები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება

თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მიღების პროცედურები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეს პროცედურები იქნება ძალიან მარტივი.

„კონტროლი არ იქნება მარტივი, რადგან თვითდასაქმებული ადამიანების ნაწილი იხდის გადასახადებს, ნაწილი საერთოდ არა. აქედან გამომდინარე, არის გარკევული ადმინისტრირების სირთულე ამასთან დაკავშირებით. მაგრამ, ჩვენ გამიზნულად, გააზრებულად მივდივართ ამ რისკზე, რადგან ჩვენთვის მთავარი არის, რომ დავეხმაროთ რაც შეიძლება მეტი კატეგორიის ადამიანს და აქედან გამომდინარე, პროცედურები იქნება მარტივი. ეს პროცედურები გამოქვეყნდება ამ დღეებში და ამაზე ჩვენი კოლეგები, ფინანსთა სამინისტრო მუშაობს.

დადასტურება იქნება მარტივი და ისევ და ისევ ვამბობ, ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია თვითონ მიზანი, რომ დავეხმაროთ ყველა კატეგორიას და არა მარტო ოფიციალურად დასაქმებულ კატეგორიას, რომელიც მარტივად შეიძლება აღვრიცხოთ, არამედ თვითდასაქმებულებსაც, ვინც შეიძლება ასე ვთქვათ, ნაწილობრივ აღურიცხავ სექტორში ფუნქციონირებს. მაგრამ გაუჭირდათ ამ ადამიანებსაც და დაკარგეს შემოსავლები, ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე დავუშვათ, სკურპულოზური ადმინისტრირება ამ პროცესის. აქედან გამომდინარე, ეს პროცედურა იქნება საკმად მარტივი, საკმაოდ გამჭირვალე და ხელმისაწვდომი ამ ადამიანებისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.