თვალჭრელიძის N1-ში მცხოვრები მზევინარ აბაშვილი აცხადებს, 50 ათასი ლარი, რომელსაც უსახლკაროთა დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სთავაზობენ, საკმარისი არ არის ბინის შესაძენად
თვალჭრელიძის N1-ში მცხოვრები მზევინარ აბაშვილი აცხადებს, რომ თანხა, რომელსაც უსახლკაროთა დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სთავაზობენ, საკმარისი არ არის ბინის შესაძენად.
მზევინარ აბაშვილს კითხვა დაუსვეს უსახლკაროთა დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებულ შეთავაზებვაზე, რაზეც განაცხადა, რომ 50 ათას ლარად ბინის შეძენა შეუძლებელია.
„ერთი წელია, რაც აქ ვართ. რაც ოთახები გავაკეთეთ, არის შვიდი თვე, და აქ გადმოვედით. ოდნავ პირობები შევიქმენით, ოთახები გავაკეთეთ და ყველაფერი შევიტანეთ, იქიდან ვართ გადმოსული. მარტო შემოგვთავაზეს ქირა. ახლა მეუბნებიან, დაწერილი მაქვს სამი წლის წინ მრავალშვილიანობის და დაგაკმაყოფილეს 50 ათასი ლარითო. ბინა 50 ათასად სადმე არის? დამცინიან, მგონი, და ჩემს ნერვებზე თამაშობენ. ახლა გავიგე, ამ წუთას. ახლა მეუბნებიან, თქვენ დაგაკმაყოფილეს, დოლარში გამოდის 18 ათასი და სადმე იშოვება მსგავსი? ხუთი შვილი მყავს. არ არის ეს თანხა დამაკმაყოფილებელი, სად ვიშოვო მაგ ფასში სახლი? წეღან დამიძახეს, თქვენ დაწერილი გაქვთო, აღარც მახსოვდა. მაშინ ოთხი შვილი მყავდა. ამ მდგომარეობაში მაგ ფასში რა გავაკეთო?“ – ამბობს მზევინარ აბაშვილი.
მისივე თქმით, აღნიშნულ შეთავაზებაზე უარს იტყვის.
„აი, ფიზიკურად ვინმემ ამიხსენით, ამ თანხაში ბინა იშოვება? უარს ვიტყვი. სიტყვაზე, ვთქვათ, თანახმა ვარ, სად წავიდე? ქირით? მითხრეს სამი-ოთხი თვის ქირას მოგცემთო. პირადად არავის უთქვამს, ერთი წელი და ორი წელი მოგცემენ ქირასო, არ შემოუთავაზებიათ“, – განაცხადა მზევინარ აბაშვილმა.
კითხვაზე, თუ განიხილავს სოფლად სახლის პროგრამას და აღნიშნული შეთავაზებით სახლის რეგიონში შეძენას, მზევინარ აბაშვილმა განაცხადა, რომ სოფელში სახლის შეძენას არ განიხილავს.
„თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ. თქვენ რომ თბილისში დაბადებულ გაზრდილი იყოთ, სოფელში წახვიდოდით? მოდი, ლოგიკურად ვიმსჯელოთ. სოფელი არ მაქვს და სად წავიდე, ვისთან წავიდე?“ – აღნიშნა მზევინარ აბაშვილმა.
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში, საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლების პროცესი გრძელდება. ადგილზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.