TuttoSport-ი - დე ლაურენტისი არ ნებდება, შესაძლოა, ანტონიო კონტემ „ნაპოლი“ მაინც ჩაიბაროს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“, შესაძლოა, ახალი სეზონიდან ანტონიო კონტემ გაწვრთნას, – ცნობილი იტალიელი სპეციალისტის შესახებ წერილს TuttoSport-ი აქვეყნებს.
მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ანტონიო კონტე სამწვრთნელო საქმიანობაშიც წარმატებული გამოდგა – ავარჯიშებდა „იუვენტუსს“, „ჩელსის“, „ინტერს“, „ტოტენჰემს“ და იტალიის ნაკრებს.
„ანტონიო კონტეს „ნაპოლიში“ მუშაობა გამორიცხული არ არის. შესაძლოა, ახალი მწვრთნელი კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მომავალ სეზონამდე წარადგინოს. კონტესთან თანამშრომლობა ბევრ კლუბს სურს, მაგრამ „ნაპოლის“ პრეზიდენტი დე ლაურენტისი ყველაზე მონდომებულია. თავიდან კონტეს „ნაპოლიში“ საქმიანობა არ სურდა, მაგრამ სეზონის ბოლოს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
დღეს იტალიაში „ნაპოლია“ ის კლუბი, რომელსაც სხვებზე მეტად შეუძლია კონტეს სურვილების დაკმაყოფილება – არა მარტო ეკონომიკური, არამედ დაგეგმარების თვალსაზრისითაც. დე ლაურენტისს დაჟინებით სურდა კონტეს დათანხმება და ამას ისევ შეეცდება. ამჯერად შეიძლება „კარი დახურული“ აღარ დახვდეს, რადგან კონტე დღემდე თავისუფალია.
საიდუმლო არ არის, რომ რუდი გარსიას გაშვების შემდეგ „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ცდილობდა, დაერწმუნებინა კონტე, „ნაპოლი“ ჩაებარებინა, მაგრამ ის არ ჩქარობდა. თუმცა დე ლაურენტისისთვის მისი „არა“ საბოლოო სიტყვა არ აღმოჩნდა. კონტესაც სურს მონაწილეობა მიიღოს პროექტში, რომელსაც მისაღებად მიიჩნევს და რომელშიც სრულად იქნება ჩართული“, – წერს TuttoSport-ი.