„ტუტო მერკატო“ კვარაცხელიას ტრანსფერზე – ქართველის შეძენა „სევილიამ“ და „მიონხენგლადაბახმა“ გადაწყვიტეს, „რუბინი“ 12 მილიონსაც დათანხმდება #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ევროპულ მედიაში აჟიოტაჟი არ წყდება – ბოლო ინფორმაციით, კიდევ ორი ცნობილი კლუბი გააქტიურდა, რომლებიც მსურველთა რიგებში ადრეც ფიგურირებდნენ.
იტალიური გამოცემა „ტუტო მერკატო“ ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები ესპანურმა „სევილიამ“ და მიონხენგლადაბახის „ბორუსიამ“ წამოიწყეს.
„ქართული ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის სატრანსფერო ბაზრის ღირებული ობიექტია. ბევრი კლუბია დაინტერესებული. მას „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ატალანტა“ აკვირდებიან, მაგრამ იტალიელებს ჯერ შეთავაზება არ გაუკეთებიათ. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ფეხბურთელის შეძენა ყველაზე მეტად „სევილიას“ და მიონხენგლადაბახის „ბორუსიას“ სურთ“, – წერს „ტუტო მერკატო“.
თუმცა, იტალიური გამოცემა რთულად დასაჯერებელ ამბავს ამტკიცებს – ყაზანის „რუბინმა“, შესაძლოა, სატრანსფერო ბაზრის გათვალისწინებით, ქართველი მოთამაშის ფასი დაწიოს.
„ყაზანის „რუბინი“ კვარაცხელიას ტრანსფერის გამოსასყიდ თანხად 18-დან 20 მილიონ ევროს ასახელებს. მაგრამ ჩნდება შეგრძნება, რომ თუ 12 მილიონიანი შემოთავაზება გამოჩნდება, კლუბი ტრანსფერს „მწვანე შუქს“ აუნთებს“, – ამტკიცებს „ტუტო მერკატო“.