თურქული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა
ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ „ანადოლუ“ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც თურქული მედია აღნიშნავს, თურქეთის დიპლომატიური წყაროების განცხადებით, თურქეთი ყურადღებით აკვირდება ბათუმში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მდგომარეობას.
„სტადიონზე იმყოფებიან თურქეთის საელჩოსა და აჭარაში გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, რომლებიც თურქეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მათი უფლებების დასაცავად ყველა საჭირო ზომას იღებენ“, – აცხადებს წყარო.
ბათუმში თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის გამო სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება იყო. გავრცელებული ცნობებით, თურქული „ბეშიქთაშის“ ქომაგები არ დაემორჩილნენ წესრიგის დაცვისკენ სამართალდამცველთა მოწოდებებს. ინციდენტებს ადგილი ჰქონდა თამაშის დაწყებამდე, რაც შემდეგ სტადიონზეც გაგრძელდა.