თურქული მედია - ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშში“ გადასვლას დათანხმდა, მაგრამ „სენტ-ეტიენთან“ წარმოშობილმა სირთულეებმა მოლაპარაკება ჩაშალა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშში“ გადასვლას დათანხმდა, თუმცა ქართველის ამჟამინდელ კლუბთან, „სენტ-ეტიენთან“ მოლაპარაკების დროს წარმოშობილი სირთულეების გამო თურქულმა მხარემ პროცესის გაგრძელება ვეღარ შეძლო, — ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„ცოტა ხნის წინ „ბეშიქთაშმა“ მოლაპარაკებები გამართა ზურიკო დავითაშვილთან და მისგან ტრანსფერზე თანხმობა მიიღო. თუმცა „სენტ-ეტიენთან“ წარმოშობილი პრობლემების გამო კლუბმა მოლაპარაკება შეაჩერა და ალტერნატივებზე გადაერთო“, — წერს Ensarit-ი.
მანამდე ითქვა, რომ დავითაშვილი „ბეშიქთაშის“ მიერ ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იყო შერჩეული მარცხენა ფლანგზე, თუმცა მაშინაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებებს აფერხებდა ის თანხა, რომელსაც „სენტ-ეტიენი“ ქართველის ტრანსფერში ითხოვდა.
ამავე დროს, Besiktas Plus-მა ივარაუდა, რომ ზურიკო დავითაშვილი ძალიან მალე გახდებოდა „ბეშიქთაშის“ მოთამაშე. თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი ფრანგული კლუბის მიერ დასახელებული ფასის გამო ჩაიშალა.