„ვინ არის გიორგი ჩაკვეტაძე? რამდენი წლისაა, საიდან არის?“ – ამ სათაურით თურქულმა გამოცემა „ფანატიკმა“ გამოაქვეყნა წერილი საქართველოს ნაკრების და „გენტის“ შემტევზე, რომლის ტრანსფერითაც ბოლო დროს „ტრაბზონსპორი“ დაინტერესდა.
გამოცემის მტკიცებით, ქართველი ფეხბურთელის შესახებ თურქეთის სუპერლიგის გუნდის ხელმძღვანელობა „ტრაბზონის“ ლეგენდის, შოთა არველაძის მოსაზრებითაც დაინტერესდა, რომელმაც მათ გიორგის აყვანა ურჩია.
„შემტევი ნახევარმცველი ჩაკვეტაძე, ახალი ქართველი ვარსკვლავია, რომელმაც ყურადღება იმით მიიქცია, რომ „გენტში“ ჩატარებულ 62 შეხვედრაში 7 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბოლო ინფორმაციით, „ტრაბზონის“ დაუვიწყარმა თავდამსხმელმა და ყოფილმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ გუნდის ხელმძღვანელებს უთხრა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს დიდი პოტენციალი გააჩნია და ტრავმის შედეგად გაცდენილი დროის მიუხედავად, მისი შესაძლებლობების სჯერა“ – წერს „ფანატიკი“