თურქული მედია: რესპუბლიკელების მარცხის შემდეგ, სამიზნე „ისრაელის ლობი“ გახდა – კრიტიკა ერდოღანის მიმართაც ისმის
თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ 2026 წლის 22 სექტემბერს გავრცელებული ეს ფოტო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მისალმებას ასახავს. ისინი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მიმდინარეობისას, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) მრავალმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს
როგორც ხელისუფლების მომხრე, ისე ოპოზიციური თურქული მედია „ვაშინგტონში მოქმედ ისრაელის ლობისტურ ჯგუფს“ მწვავედ აკრიტიკებს. ამასთან, მედიასაშუალებები შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხების მიზეზებსა და თურქეთ-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებსაც განიხილავენ.
დონალდ ტრამპის მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდაჭერას ორივე მხარე აკრიტიკებს, ოპოზიციური მედია კი უშუალოდ რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც უპირისპირდება. პუბლიკაციებში ხაზგასმულია, რომ პირადი ურთიერთობები საგარეო პოლიტიკას ვერ ჩაანაცვლებს. ამაში დონალდ ტრამპის მიმართ თურქეთის პრეზიდენტის განსაკუთრებული კეთილგანწყობა მოიაზრება. მასალებში ასევე საუბარია F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების საკითხზე.
ანალიტიკოსების შეფასებით, ერდოღანის პირადმა კონტაქტებმა შედეგი ვერ გამოიღო და F-35-ების საკითხზე ოპტიმიზმის საფუძველი სულ უფრო მცირდება, რადგან დემოკრატები უკვე კონგრესსა და სენატის გავლენიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსაც აკონტროლებენ.
„ამერიკაში ჩრდილოვანმა ძალამ (დედანში: Deep state – რედ.) ვერ გაიმარჯვა“ – ასეთია ოპოზიციასთან დაახლოებული კიდევ ერთი გამოცემის შეფასება. ამავდროულად, ხელისუფლების მომხრე მედია თურქეთს აშშ-ის „ღირებულ“ მოკავშირედ წარმოაჩენს.
„ებრაულმა ლობისტურმა ორგანიზაციამ, AIPAC-მა („ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტი“ – რედ.) 60 მილიონი დოლარი დახარჯა ეგვიპტური წარმოშობის აბდულ ელ-საიდის მეტოქის მხარდასაჭერად. მიუხედავად ამისა, ელ-საიდმა შუალედურ არჩევნებში მაინც გაიმარჯვა და ისტორიაში შევიდა, როგორც აშშ-ის პირველი მუსლიმი სენატორი“, – წერს გაზეთი „საბაჰი“.