თურქული გამოცემის ცნობით, არველაძეს ტრაბზონსპორის გაწვრთნა ოფიციალურად შესთავაზეს - უზბეკეთში მისი ხელფასი 1,5 მილიონი ევროა
თურქეთის სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონმა, „ტრაბზონსპორმა“ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და შოთა არველაძეს ოფიციალური წინადადებით მიმართა. ინფორმაციას თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ ავრცელებს.
„სუპერლიგის ახალი სეზონი „ტრაბზონსპორმა“ კარგად ვერ დაიწყო, ბოლო ტურში კი „ბაშაქშეჰირთან“ 0:2 წააგო (ცხრილში მე-14 ადგილზეა). წყაროები ამტკიცებენ, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის, ინგლისელ ედი ნიუტონის გაშვება გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ „ტრაბზონსპორმა“ ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა შოთა არველაძეს. ეს მოულოდნელი ნაბიჯი იყო. გუნდის ადმინისტრაციამ ყოფილ მწვრთნელსა და ლეგენდარულ ფეხბურთელ შოთა არველაძეს, რომელიც ახლა უზბეკეთის გუნდ „პახტაკორში“ მუშაობს, ოფიციალური შეთავაზებით მიმართა“, – წერს გამოცემა.
„ჰურიეთი“ მოლაპარაკების დეტალებსაც ახმაურებს.
„როდესაც „ტრაბზონსპორის“ ხელმძღვანელობამ ოფიციალური შეთავაზებით მიმართა შოთას, ცნობილი იყო, რომ მას „პახტაკორთან“ კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურებოდა. ქართველი მწვრთნელისგან კი შემდეგი პასუხი მიიღეს – მაშინ ვისაუბროთ, როდესაც კონტრაქტი დამთავრდება“.
შოთა სუპერლიგაში მწვრთნელად ადრეც მუშაობდა „კაიზერისპორში“, „ტრაბზონსპორსა“ და „ქასიმფაშაში“.
თურქული გამოცემა ფინანსურ დეტალებსაც ასაჯაროებს.
„შოთა არველაძე „პახტაკორს“ სათავეში ორი წლის წინ ჩაუდგა. პირველსავე სეზონზე გუნდი მე-6-დან მე-2 ადგილზე დააწინაურა და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. გასულ სეზონზე 47 წლის არველაძემ გუნდი ჩემპიონი გახადა და უახლოესი მეტოქე 20 ქულით ჩამოიტოვა, ასევე მოიგო უზბეკეთის თასი. შოთა არველაძის ხელფასი, რომელმაც „პახტაკორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 10-წლიანი პაუზის შემდეგ გაიყვანა, წელიწადში 1.5 მილიონი ევროა“.