თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 19 ნოემბერს თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმ ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ერდოღანთან უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზებზე ისაუბრებს.

„მასთან ვისაუბრებ საუკეთესო შესაძლო გზებზე, რათა უზრუნველვყოთ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევა. ეს ძალიან შინაარსიანი საუბარი იქნება. თურქეთის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა მაქვს. შეერთებული შტატებიდან გარკვეული პოზიციები და სიგნალები არსებობს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი მადრიდში ვიზიტის შემდეგ თურქეთში ჩავა და მოლაპარაკებებს გამართავს, რომელსაც, თურქეთის პრეზიდენტის გარდა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის  სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც დაესწრება.