თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართება
თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართება

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართება.

სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა. ვადამდელი არჩევნების ჩატარების ინიციატივით თურქეთის ოპოზიციური „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“  17 აპრილს გამოვიდა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერმა დევლეთ ბაჰჩელიმ არჩევნების ჩატარება 26 აგვისტოს მოითხოვა. ინიციატივის საპასუხოდ 17 აპრილს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაჰჩელის 18 აპრილს შეხვდებოდა და საკითხს განიხილავდა. 2017 წლის რეფერენდუმის თანახმად, თურქეთი საპარლამენტოდან, საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, არჩევნებისთვის სამართლებრივი პროცესი, მათ შორის უზენაესი საარჩევნო საბჭოს ფუნქციონირება, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2019 წლის ნოემბერში იყო დაგეგმილი.