თურქეთში თანამდებობიდან გათავისუფლებული მერების მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა
თურქეთში თანამდებობიდან გათავისუფლებული მერების მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანიც დააკავა.

თანამდებობიდან გათავისუფლებული მერების მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დიარბაქირის მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ, სადაც არჩეული მერის გათავისუფლების შემდეგ ქალაქის მმართველი ოფიციალურმა ანკარამ დანიშნა. „როიტერსის“ ინფორმაციით, მას შემდეგ შენობის წინ მეტალის ბარიკადები აღმართეს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დიარბაქირის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში მანიფესტანტები სამი ქურთი მერის გადაყენებას აპროტესტებდნენ. რამდენიმე დღის წინ ცნობილია გახდა, რომ პროქურთული პარტიის წევრი სამი მერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მათ შორის არიან დიარბაქირის, მარდინის და ვანის მერები, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ქურთები არიან. მათ თურქეთში აკრძალულ და ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში დასდეს ბრალი. ამასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში 400-ზე მეტი პირი დააკავეს.