თურქეთში სასამართლომ გეზის პარკის გამო საპროტესტო აქციების საქმეზე დაკავებული ბიზნესმენი და რვა ბრალდებული გაამართლა
გეზის პარკის გამო საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით დაკავებული ბიზნესმენი ოსმან ქავალა და კიდევ რვა ბრალდებული თურქეთის სასამართლომ გაამართლა. სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი მოულოდნელი იყო – დარბაზში მყოფი ბრალდებულების ახლობლები გადაწყვეტილების გამოცხადებას აპლოდისმენტებით, ზოგი კი ტირილით შეხვდა.
ამგვარად, ბიზნესმენსა და ფილანტროპ ქავალას ორწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლებენ. მისი დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ თურქეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკემბერში მოუწოდა.
ქავალასა და გეზის პარკთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლების საქმის ფარგლებში დაკავებულ კიდევ ორ პირს სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდათ. პროკურატურა მათ პროტესტების ორგანიზებითა და დაფინანსებით ხელისუფლების დამხობის მცდელობაში სდებდა ბრალს. საქმის დანარჩენი ფიგურანტები კი მათ დახმარებაში იყვნენ ეჭვმიტანილები.
სტამბოლის გეზის პარკში მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. დემონსტრაციებმა სტამბოლის გარდა, თურქეთის სხვა ქალაქებიც მოიცვა.
თურქეთის სასამართლომ ასევე გააუქმა საქმის ფარგლებში კიდევ შვიდი ეჭვმიტანილის დაკავების ორდერები, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად აქვთ წაყენებული. ისინი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან.