თურქეთში საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ საქართველო ე.წ. 3+3-ის ფორმატში თურქეთში დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრება
თურქეთში საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ საქართველო ე.წ. 3+3-ის ფორმატში თურქეთში დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრება

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ საქართველო არ დაესწრება ე.წ. 3+3-ის ფორმატში თურქეთში დაგეგმილ რიგით მეორე შეხვედრას. ეს განცხადება ქართველმა დიპლომატმა თურქულ გამოცემა „დეილი საბაჰთან“ საუბრისას გააკეთა.

როგორც გამოცემა წერს, „ანკარა არაერთხელ გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას თანამშრომლობის ახალი პლატფორმა ე.წ. 3+3, რომელიც გაართიანებდა თურქეთს, რუსეთს, ირანს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს. ამ ფორმატში პირველი შეხვედრა შარშან მოსკოვში გაიმართა, თუმცა საქართველო მასაც არ დასწრებია.

გასულ კვირას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გამოთქვა იმედი, რომ საქართველო ამ პლატფორმის რიგით მეორე შეხვედრას დაესწრება, რომელიც თურქეთშია დაგეგმილი.

თურქეთში საქართველო ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განმარტა, რომ საქართველოს თურქეთსა და აზერბაიჯანს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევს. ხოლო სომხეთს ისტორიულ და კარგ მეზობლად.

„თუმცა, რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები 20 პროცენტი“, – განაცხადა ჯანჯღავამ.

ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ხელმძღვანელობით. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო წარმოდგენილი არ იქნებოდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, საქართველო აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.