თურქეთში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მორიგი სხდომა გაიმართა
თურქეთში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მორიგი სხდომა გაიმართა

თურქეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მეექვსე ყოველწლიური სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ დელეგაციების წევრებს მიმართა და მიმოიხილა რეგიონში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების გამოწვევები და მათი გადაჭრის პროცესში სამი ქვეყნის როლი. ამ კუთხით, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთადერთ გზაზე.

შეხვედრაზე ასევე, განხილულ იქნა რეგიონული თანამშრომლობის ისეთი საკითხები, როგორიც არის ვაჭრობა, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები, კულტურა, თავდაცვა, უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ხალხთაშორისი კავშირები. ხაზი გაესვა საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს. ამ კონტექსტში, მხარეებმა ახალი მექანიზმებისა და ფორმატების შექმნის საკითხიც განიხილეს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოთქვეს მზაობა, რომ გადადგან კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

„დღეს გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებთან, სადაც ვისაუბრეთ ყველა იმ გამოწვევასა თუ პროცესზე, რაც მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში დიდი როლი ეკისრება საპარლამენტო თანამშრომლობას, რადგან ეს მექანიზმი გვაძლევს საშუალებას, რომ საკანონმდებლო დონეზე რეგულარულად გავცვალოთ მოსაზრებები და შევიმუშაოთ კონკრეტული გზები, თუ როგორ შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნების წინსვლასა და ხალხის კეთილდღეობაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.