თურქეთში ჯავშანტრანსპორტიორის აფეთქების შედეგად სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ
თურქეთში ჯავშანტრანსპორტიორის აფეთქების შედეგად სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ

თურქეთში ჯავშანტრანსპორტიორის აფეთქების შედეგად, ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ხუთი კი, დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პროვინციის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ბათმანის პროვინციაში მოხდა.

პროვინციის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საბრძოლო მანქანის აფეთქება ხელნაკეთი ნაღმის ამოქმედებამ გამოიწვია. აფეთქება ოპერაციის ჩატარების დროს, ადგილობრივი დროით, დილის 06:00 წთ-ზე მოხდა.

აღნიშნულ რეგიონში თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ქვეყანაში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ოპერაციას აწარმოებენ.

მხარეებს შორის დაპირისპირების განახლების შემდეგ, 2015 წლის ივლისიდან ქურთების თავდასხმების შედეგად, დაახლოებით ათასი თურქი სამხედრო მოსამსახურე და 500 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 10 ათასამდე მებრძოლის ლიკვიდირება მოახდინეს.