თურქეთში ინფლაციის დონე ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. წლიურმა ინფლაციამ თითქმის 25%-ს მიაღწია.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ეს ბოლო 15 წლის განმავლობაში თურქეთში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა თვესთან შეადრებით ინფლაციამ 6,3% შეადგინა.
ქვეყანაში ინფლაციის დონის ზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირდება. თურქული ლირა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 40%-ით გაუფასურდა. ლირის კურსის ვარდნას თურქულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესებასა და პრეზიდენტ ერდოღანის მიერ ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკაზე კონტროლის გამკაცრებას უკავშირებენ.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თურქეთში ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 11,4%-ით გაიზარდა, ტრანსპორტის – 9,2%-ით, საკვები პროდუქტების კი, 6,4%-ით.