თურქეთში აღმოაჩინეს 11 000 წლის წინანდელი უცნაური ქანდაკება, რომელსაც ტუჩები აქვს ამოკერილი — #1tvმეცნიერება
თურქეთში აღმოაჩინეს 11 000 წლის წინანდელი უცნაური ქანდაკება, რომელსაც ტუჩები აქვს ამოკერილი — #1tvმეცნიერება

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის უზარმაზარ ვაკეებზე აღმართულ ქარიან ბორცვებზე გაკეთებული ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები გვიყვება, როგორი შეიძლება ყოფილიყო სიცოცხლე 11 000 წლის წინ, როცა მსოფლიოს ყველაზე ადრეულმა საზოგადოებებმა დაიწყო გამოჩენა.

უახლესი აღმოჩენა — ქვის ფიგურა ამოკერილი ტუჩებით, ქვისგან გამოკვეთილი სახეები და შავი სერპანტინიტის მძივი ორივე მხრიდან მეტყველი სახეებით — გვთავაზობს მინიშნებებს ნეოლითური შეხედულებებისა და რიტუალების შესახებ.

„ადამიანის სკულპტურათა სულ უფრო მზარდი რაოდენობა შეიძლება აღვიქვათ, როგორც დასახლებული ცხოვრების პირდაპირი შედეგი. როცა საზოგადოება უფრო უმოძრაო გახდა, ადამიანები თანდათან დისტანცირდნენ ბუნებისგან და სამყაროს ცენტრში დააყენეს ადამიანის ფიგურა და ადამიანური გამოცდილება“, — ამბობს ძეგლ კარაჰან-თეფეზე მიმდინარე გათხრების ხელმძღვანელი ნესმი კარული და გულისხმობს T-ს ფორმის სვეტზე ამოკვეთილ ადამიანის სახეს.

გათხრები წარმოადგენს თურქეთის „ქვის ბორცვების“ პროექტის ნაწილს — სამთავრობო ინიციატივის, რომელიც 2020 წელს დაიწყო შანლიურფის პროვინციის 12 ძეგლზე. ამ პროვინციას თურქეთის კულტურის მინისტრი „მსოფლიოს ნეოლითურ დედაქალაქს“ უწოდებს.

პროექტი ასევე მოიცავს იუნესკო-ს ძეგლ გიობექლი-თეფეს, სადაც აღმოჩენილია უძველესი მეგალითური სტრუქტურები ზემო მესოპოტამიაში ნაპოვნთა შორის. ამ ძეგლზე გათხრები პირველად 1995 წელს დაიწყო გერმანელმა არქეოლოგმა კლაუს შმიდტმა.

გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელი ლი კლერი ამბობს, რომ კარაჰან-თეფეს ახალი აღმოჩენები ეჭვქვეშ აყენებს ნარატივებს იმის შესახებ, თუ როგორ გარდაისახა კაცობრიობის ცხოვრება მომთაბარე მონადირე-შემგროვებლობიდან ადრეულ დასახლებებად.

„ჩვენ მიერ შესწავლილი ყოველი შენობა მცირე ცნობებს გვაწვდის ვიღაცის ცხოვრების შესახებ. ჩვენ მიერ გათხრილ ყოველ ფენას სულ უფრო ახლოს მივყავართ ინდივიდთან — ძვლების მეშვეობით, შეგვიძლია, პიროვნებას თითქმის შევეხოთ. ვეცნობით მათი რწმენა-წარმოდგენების სისტემებს“, — ამბობს კლერი.

მისივე თქმით, გასულმა ხუთმა წელმა მოგვცა საოცარი ოდენობის მონაცემები ყველა ამ ახალი ძეგლიდან.

თუმცა, ყველაფრის ცოდნა მაინც შეუძლებელია.

„არ გვაქვს არანაირი წერილობითი ჩანაწერები, რადგან ეს პრეისტორიული ხანაა“, — აღნიშნავს კლერი, რომელიც გიობექლი-თეფეზე 2013 წლიდან მუშაობს.

თითქოს შეუძლებელი იყო იმის დადგენა, ვის ეკუთვნოდა ეს ქანდაკებები, რადგან ისინი დამწერლობის ეპოქას დაახლოებით 10 000 წლით უსწრებს წინ.

„თუმცა, ასეთი აღმოჩენების რაოდენობა იზრდება და რაც უფრო მეტს ვსწავლობთ იმ კონტექსტების შესახებ, რომლებშიც ისინი ჩნდება, გვეძლევა სტატისტიკური ანალიზებისა და აზრიანი შედარებების საშუალება“, — ამბობს კარული, რომელიც გიობექლი-თეფეს გათხრებს ხელმძღვანელობს და არის „ქვის ბორცვების“ პროექტის კოორდინატორი.

მისი განცხადებით, დასახლებები ბოლო გამყინვარების ხანის შემდეგ გამოჩნდა.

„ცვალებადმა გარემომ ხელსაყრელი პირობები შექმნა და ხალხს თავის გამოკვების საშუალება მიეცა გამუდმებით ნადირობის გარეშე. ამან კი თავის მხრივ ხელი შეუწყო ამ ზონაში მოსახლეობის ზრდას და წაახალისა მუდმივი დასახლებების განვითარება და გაფართოება“, — ამბობს კარული.

საზოგადოებების დასახლებასთან ერთად, გამოჩნდა ახალი სოციალური დინამიკა.

„როგორც კი ადამიანებმა ჭარბი რაოდენობა აწარმოვეს, გამდიდრდნენ და გაღარიბდნენ; გაჩნდა სოციალური იერარქიის პირველი ნიშნები. რასაც აქ ვხედავთ, ამ პროცესის დასაწყისია. მრავალი თვალსაზრისით, ვდგავართ მოლიპულ ფერდობზე, რომელსაც თანამედროვე სამყაროსკენ მივყავართ“, — ამბობს კარული.

გათხრების მსვლელობასთან ერთად, იცვლება ჩვენი გაგება ნეოლითის შესახებ, რადგან ყოველი ძეგლი საკუთარ ადგილს იმკვიდრებს სამეცნიერო ისტორიაში.

„კარაჰან-თეფე და ქვის ბორცვების პროექტი გვიჩვენებს ძლიერ ორგანიზებულ საზოგადოებას საკუთარი სიმბოლური სამყაროთი და რწმენების სტრუქტურებით, თავდაყირა აყენებს წინა წარმოდგენებს პრიმიტიული ნეოლითური სამყაროს შესახებ. ამ საზოგადოებებს აქვთ საერთო თვისებები, მაგრამ ასევე ჩამოყალიბებული აქვთ კულტურული განსხვავებები“, — ამბობს სტამბოლის უნივერსიტეტის არქეოლოგი ემრე გულდოგანი.

კარაჰან-თეფეზე დიდწილად ადამიანთა სიმბოლიზმი გვხვდება, გიობექლი-თეფეზე კი უფრო ცხოველების.

არქეოლოგთა განცხადებით, ორივე ძეგლზე გაკეთებული აღმოჩენები აჩვენებს, რომ თითოეული საზოგადოება სხვადასხვა გზით ასახავს თავის საცხოვრებელ გარემოს.

„ყოველი ახალი აღმოჩენა აჩენს ახალ კითხვებს მათი შემქმნელების შესახებ“, — ამბობს გულდოგანი.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.