თურქეთმა ევროპის ცხრა ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა
თურქეთმა ევროპის ცხრა ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა

თურქეთმა ევროპის ცხრა ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადება თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა, მეჰმეთ თურჰანმა გააკეთა. მისი თქმით, შეზღუდვა 14 მარტს ამოქმედდება და 17 აპრილამდე დარჩება ძალაში.

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ავიამიმოსვლა შეჩერდება გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, ავსტრიასთან, შვედეთთან, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან. მისივე თქმით, დროთა განმავლობაში, თურქეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს ამ სიაში სხვა ქვეყნების შეყვანასაც.

თურქეთს უკვე შეწყვეტილი აქვს ავიამიმოსვლა იტალიასთან, ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან და ერაყთან.

„თურქიშ ეარლაინსში“ განაცხადეს, რომ ევროპის ქვეყნების მიმართულებით ბილეთების მფლობელებს ზარალს აუნაზღაურებენ.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.