თურქეთმა აშშ-თან დიალოგის მექანიზმის ფორმირებისთვის მზადყოფნა გამოთქვა
თურქეთმა აშშ-თან დიალოგის მექანიზმის ფორმირებისთვის მზადყოფნა გამოთქვა

თურქეთმა აშშ-თან დიალოგის მექანიზმის ფორმირებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. როგორც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ეროდოღანის პრესმდივანმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, ამ მექანიზმის ფარგლებში შეიძლება განიხილონ არა მხოლოდ პრობლემური საკითხები, არამედ საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მაგალითად სირია, უკრაინა, სამხრეთ კავკასია და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთი.

„ჩვენს წერილში, რომელიც ვაშინგტონში გავაგზავნეთ, არის კონკრეტული წინადადება ამ მექანიზმის მუშაობის პრინციპებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-თან დიალოგს ურთიერთპატივისცემის პრინციპს საერთო ინტერესების საფუძველზე“, – განაცხადა კალინმა.

მისივე თქმით, აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობები ეფუძნება სტრატეგიული პარტნიორობის ისტორიულ ბაზას და ნატო-ს ფარგლებში მოკავშირეობას.

თუმცა, როგორც ერდოღანის პრესმდივანი ამბობს, სხვადასხვა პერიოდში აშშ-ის პოლიტიკა თურქეთის ეროვნული ინტერესების იგნორირებას ახდენდა, რამაც ქვეყნები დააშორა.

ამ კონტექსტში კალინმა დაასახელა აშშ-ის მხრიდან სირიელი ქურთების თავდაცვითი რაზმების მხარდაჭერა, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ერდოღანის პრესმდივანმა ასევე გაამახვილა ყურადღება აშშ-ის მიერ თურქეთისთვის რუსული სარაკეტო კომპლექს „ეს -400“-ის შეძენის გამო დაწესებულ სანქციებზეც და ამ შეზღუდვებს უკანონო, უსამართლო უწოდა.

მისივე თქმით, თურქეთის ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევს აშშ-ის ურთიერთობა ფეტჰულა გიულენის ორგანიზაციასთან. კალინის განცხადებით, თავად გიულენიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.

ერდოღანის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, რუსეთსა და უკრაინის კონფლიქტში შუამავლობა იკისროს.

ამასთან, კალინის თქმით, ეს დაპირისპირება ცდება ორ ქვეყანას და რუსეთისა და დასავლეთის კონფლიქტს წარმოადგენს. მან მოუწოდა აშშ-ს და ევროპას, დაძაბულობა შეამცირონ.