თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნოვაკის თქმით, თურქეთი ყოველწლიურად რუსეთისგან 26 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ყიდულობს, ლიდერების გადაწყვეტილებით კი, თურქეთი გაზის საფასურის ნაწილს რუბლებში გადაიხდის. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, რუსეთი და თურქეთი ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე ეტაპობრივ გადასვლაზე საუბრობენ. ერდოღანმა და პუტინმა ხაზი გაუსვეს სტამბოლის შეთანხმების სრული შესრულების, მათ შორის რუსეთის მარცვლეულის, სასუქისა და სასუქის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის უწყვეტი ექსპორტის მნიშვნელობას. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, პუტინისა და ერდოღანის შეხვედრაზე საუბარი იყო „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე და ლიდერებმა ამ პროექტის დაწყების ვადად 2023 წელი განიხილეს.

რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს სირიისა და ლიბიის საკითხები და ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. შეხვედრა ოთხ საათი გაგრძელდა.