თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ განცხადებას მოაწერეს ხელი
ანკარაში თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ განცხადებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„ეს შექმნის საფუძველს უფრო მჭიდრო მუშაობისთვის დამატებითი აქტივობების განსახორციელებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას და ამით გააძლიერებს ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, – განაცხადეს დიდი ბრიტანეთის სამინისტროში.
შეთანხმება მიზნად ისახავს ორივე ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ხმელთაშუა ზღვაში შესაძლო ერთობლივ წვრთნებსა და უსაფრთხოების მხარდაჭერის ძიებას ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შეპსი მიესალმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესს და განაცხადა, რომ იმედოვნებს დოკუმენტის თურქეთის პარლამენტში რატიფიცირებას.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩემს კოლეგას, იაშარ გიულერს და ერთობლივად შევთანხმდით დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის თავდაცვის ძალების ურთიერთობების გაღრმავებაზე. შეთანხმება და ორმხრივი შეხვედრა მოხდა წინა წლებში გაერთიანებული სამეფოსა და თურქეთის თავდაცვის საკითხებში გაზრდილი თანამშრომლობის შედეგად“, – განაცხადა გრანტ შეპსმა.