თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ესტონეთში ნატო-ს საჰაერო თავდაცვის განახლებული მისია გადაიბარეს
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ესტონეთში ბალტიის საჰაერო თავდაცვის მისიას 2026 წლის 1-ლი აგვისტოდან უხელმძღვანელებენ
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ესტონეთში პირველად განლაგდნენ. ისინი ნატო-ს ახლად ტრანსფორმირებულ ბალტიის საჰაერო თავდაცვის მისიაში მიიღებენ მონაწილეობას და ამ ქვეყნის საჰაერო სივრცეს მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში გააკონტროლებენ.
გასულ თვეში, ანკარის (თურქეთი) ნატო-ს სამიტზე გადაწყდა, რომ ესტონეთსა და ლიეტუვაში უკვე 20 წლის განმავლობაში მოქმედი ბალტიის საჰაერო მონიტორინგის (პატრულირების) მისია 1 აგვისტოდან საჰაერო თავდაცვის მისიად გარდაიქმნებოდა.
ახალი მისიას, რომელიც ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემაშია ინტეგრირებული, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, საჰაერო თავდასხმების მოგერიების უფლება ექნება.
„თუ, მაგალითად, საფრთხის სურათი შეიცვლება და დამატებითი ძალების სწრაფად შემოყვანის საჭიროება გაჩნდება, ეს ახალმა მისიამ უნდა უზრუნველყოს. ამ მიმართულებით ყველა შესაძლო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო წინასწარი ნებართვების გაცემა, შეძლებისდაგვარად, უკვე დასრულებულია“, – აცხადებს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური („რეფორმების პარტია“).
მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ნატო-ს მოკავშირეების 4-თვიანი როტაციის გრაფიკი უკვე შეთანხმებულია. მინისტრის თქმით, ესტონეთში განთავსებულ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს მოსაწყენად არ ეცლებათ, რადგან მსგავსი დაძაბული ვითარება ბევრ რეგიონში არ არის.

„წინა პრაქტიკის მიხედვით, თავდაცვის მისიის პილოტებს კვირაში ერთხელ, ორჯერ ან სამჯერაც კი უწევდათ აფრენა და ჩვენდამი არამეგობრული ქვეყნის თვითმფრინავების იდენტიფიცირება. თუ, მაგალითად, მისიაში მონაწილე პორტუგალიაზე, ესპანეთზე ან გერმანიაზე ვსაუბრობთ, საკუთარ ქვეყნებში მათ, როგორც წესი, მუდმივად არ უწევთ ახლოს მფრენი რუსული სადაზვერვო თვითმფრინავებისა და რუსული გამანადგურებლების იდენტიფიცირება. რუსულ გამანადგურებელთან ვიზუალური კონტაქტი ისეთი გამოცდილებაა, რომელსაც პორტუგალიაში ვერ მიიღებთ. ამიტომ, ყველა ქვეყანა, რომელიც აქ ჩამოდის, გარკვეულწილად, განსაკუთრებულ ვითარებაში ხვდება“, – განუცხადა პევკურმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს (ERR).
ემარის (Ämari) ავიაბაზაზე განთავსებული თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კონტინგენტი დაახლოებით 80 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება, რომელთაგან 10 მფრინავია. F-16 ტიპის ხუთი გამანადგურებელი ყოველ წუთს მზად არის ასაფრენად და 24-საათიან საბრძოლო მზადყოფნაშია.
„რა თქმა უნდა, ვამაყობთ, რომ აქ ნატო-ს ეგიდით ვიმყოფებით. ჩვენი მიზანი და ამოცანაა ნატო-ს საჰაერო სივრცის დაცვა, ამ რეგიონში საფრთხეების იდენტიფიცირება და ძლიერი საჰაერო შეკავების შენარჩუნება“, – აღნიშნა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავმა, ლეიტენანტმა ატილა ოზდემირმა.
პარასკევს მედლებით დაჯილდოვდნენ პორტუგალიის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც ბალტიის საჰაერო სივრცეში ბოლო საპატრულო მისია შეასრულეს. ემარის ავიაბაზის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კატრინ ტიუგიასმა პორტუგალიელებს „გამორჩეული თანამშრომლობისთვის“ მადლობა გადაუხადა და ახალ თურქულ კონტინგენტს მიესალმა.
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მისია ესტონეთში ნოემბერში დასრულდება. ანალოგიური მისია ლიეტუვაში იტალიელებმა გადაიბარეს.
