თურქეთის საგარეო უწყება - ღრმად შეშფოთებული ვართ ისრაელსა და პალესტინაში არსებული დაძაბულობის გამო, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში სიმშვიდეს
თურქეთის საგარეო უწყება - ღრმად შეშფოთებული ვართ ისრაელსა და პალესტინაში არსებული დაძაბულობის გამო, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში სიმშვიდეს

თურქეთმა გამოთქვა ღრმა შეშფოთება ისრაელსა და პალესტინას შორის ბოლო ესკალაციის გამო და განაცხადა, რომ მზად არის, დაეხმაროს ვითარების დეესკალაციაში.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ დღეს ისრაელსა და პალესტინაში არსებული ძალადობისა და დაძაბულობის გამო. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში სიმშვიდის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას და მტკიცედ ვგმობთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას. ხაზს ვუსვამთ, რომ ძალადობის აქტები და მასთან დაკავშირებული ესკალაციები არავის სარგებელს არ მოუტანს და მოვუწოდებთ მხარეებს, იმოქმედონ თავშეკავებულად და მოერიდონ იმპულსურ ნაბიჯებს“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ანკარა მზადაა, წვლილი შეიტანოს იმისთვის, რომ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს, აცხადებენ სამინისტროში. „ამ კუთხით ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ კონტაქტებს შესაბამის მხარეებთან“.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. მედიის ცნობით, ტერორისტული ჯგუფის, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებში ამ დროისთვის 908 დაშავებულია გადაყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ამასთან, პალესტინური მხარის ინფორმაციით, ღაზაზე ისრაელის თავდასხმის დროს 198 დაიღუპა და 1000-მდე ადამიანი დაშავდა.