თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსი ოლიგარქებისთვის თურქეთის კარი ღიაა, ვიდრე მათი საქმიანობა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთი მზადაა, მიიღოს ის რუსი ოლიგარქები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციებია დაწესებული, ვიდრე მათი ბიზნეს საქმიანობა იქნება საერთაშორისო კანონმდებლობის ჩარჩოებში.
„ჩვენ შემოვიღეთ ის სანქციები, რომელიც გაერო-მ დაადასტურა. რომელიმე რუსს თუ უნდა ჩამოსვლა თურქეთში, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. რომელიმე ოლიგარქს თუ უნდა ბიზნესის დაწყება თურქეთში და თუ ეს ბიზნესი ლეგალურია, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მაშინ მე ამას განვიხილავ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
თურქეთის ხელისუფლების მიმართ რუს ოლიგარქებთან დაკავშირებით შეკითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც თურქეთში რომან აბრამოვიჩის ორი სუპერ იახტა ჩავიდა, რომელთა გაყვანაც მან ევროპის პორტებიდან მოასწრო.