თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - როდესაც ცეცხლს ეთამაშები, ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიზარდოს ხანძარში, ჩვენ უნდა ავიცილოთ დაპირისპირების გავრცელება რეგიონში
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - როდესაც ცეცხლს ეთამაშები, ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიზარდოს ხანძარში, ჩვენ უნდა ავიცილოთ დაპირისპირების გავრცელება რეგიონში

როდესაც ცეცხლს ეთამაშები, ეს ცეცხლი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიზარდოს ხანძარში და გახდეს უკონტროლო, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

ფიდანმა ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმების ფონზე პოტენციური რეგიონული ესკალაციის რისკის შესახებ ისაუბრა.

„როდესაც ცეცხლს ეთამაშები, ეს ცეცხლი ნებისმიერ მომენტში შეიძლება, გადაიზარდოს ხანძარში და გახდეს უკონტროლო. ჩვენ უკონტროლობის რისკის ქვეშ ვართ“, – განაცხადა ფიდანმა.

ფიდანის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთი მუდმივ მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-თან და რეგიონულ პარტნიორებთან.

„ჩვენ უნდა ავიცილოთ დაპირისპირების გავრცელება რეგიონში. სიტუაცია არ არის კარგი. შესაძლოა, უფრო დიდ მასშტაბებზე გავრცელების წინაშე აღმოვჩნდეთ“, – აღნიშნა ფიდანმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისრაელისთვის უსაფრთხოებაზე მეტად პრიორიტეტულია ტერიტორიული გაფართოება. მისივე განცხადებით, ისრაელი თავს დაცულად იგრძნობს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეწყვეტს „ტყუილის თქმას“ საერთაშორისო საზოგადოებისთვის და პალესტინელებს საკუთარ სახელმწიფოს მისცემს.