თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - კვიპროსის საკითხში ევროკავშირმა სანდოობა დაკარგა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - კვიპროსის საკითხში ევროკავშირმა სანდოობა დაკარგა

კვიპროსის საკითხში ევროკავშირმა სანდოობა დაკარგა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, როდესაც კვიპროსელმა თურქებმა მხარი დაუჭირეს გაერო-ს მაშინდელი გენერალური მდივნის, კოფი ანანის 2004 წელს წარდგენილ გეგმას, კვიპროსელმა ბერძნებმა გეგმა უარყვეს, ევროკავშირმა კი კვიპროსელი თურქების მიმართ დანაპირები არ შეასრულა და კვიპროსელი ბერძნები ბლოკში გაწევრიანებით დააჯილდოვა.

ჩავუშოღლუს განცხადებით, ევროკავშირის სანდოობა სწორედ ამ ფაქტმა გააქრო. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი კვიპროსელი თურქების სამშობლო და გარანტორი ქვეყანაა, შესაბამისად, უნდა დაიცვას კვიპროსელი თურქების უფლებები ნახშირწყალბადების რეზერვებთან და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან მიმართებაში.

თურქეთი კვიპროსში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, 1974 წელს შეიჭრა. გადატრიალება კვიპროსის საბერძნეთთან გაერთიანებას ისახავდა მიზნად. მას შემდეგ კუნძული ორ – ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად არის გაყოფილი.