თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ შესთავაზა რუსეთთან შუამავლობა
თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ შესთავაზა რუსეთთან შუამავლობა

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შესთავაზა უკრაინის ლიდერს შუამავლობა რუსეთთან. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

როგორც მედია თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, ერდოღანმა ზელენსკის უთხრა, რომ თურქეთი მზადაა, იკისროს შუამავლობა, რათა ხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის დამყარებას რუსეთსა და უკრაინას შორის.

სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა თურქეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე ჰუმანიტარულ და ენერგეტიკულ საკითხებში, ასევე ე.წ. ხორბლის დერეფნის ამოქმედებაში ოფიციალური ანკარის მიერ შეტანილ წვლილზე.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლისთვის სამუშაოები გრძელდება. თურქეთის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ მას შეუძლია, შეიტანოს წვლილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხო ზონის შექმნის პროცესის დაჩქარებაში.

თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან განიხილა თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხზე, ასევე ტყვეების გაცვლის თემატიკა, „ხორბლის დერეფნის“ განვითარების საკითხი და „მოხარული იყო, მოესმინა, რომ თურქეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ რეალიზაციაში“.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც.