თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ ერდოღანს შეუძლია უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დიალოგის ორგანიზება
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეუძლია უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დიალოგის ორგანიზება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ ქალინმა „ანადოლუსთან“ საუბარში განაცხადა.
„მზად ვართ, შევასრულოთ ჩვენი როლი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, – აღნიშნა ქალინმა.
მისივე თქმით, დასავლეთის ბევრ ქვეყანას არ აქვს კონსტრუქციული, პირდაპირი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ამ კუთხით განსაკუთრებული პოზიცია აქვს.
„რა თქმა უნდა, თურქეთს შეუძლია, ითამაშოს როლი, თუ ამას ორივე მხარე პოზიტიურად შეხედავს. ჩვენს პრეზიდენტს შეუძლია კონსტრუქციული ნაბიჯის გადადგმა დეესკალაციისკენ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებით. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ პროცესებს, რომლებიც გამოიწვევს სამხედრო კონფლიქტს და ომს რეგიონში, მათ შორის დონბასში. ყველა მხარეს აქვს პასუხისმგებლობის კონკრეტული სფეროები დაძაბულობის შესამცირებლად“, – განაცხადა ქალინმა.