თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - ნატო-ში დიადი თურქი ერის ყოფნა საეჭვო გახდა
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - ნატო-ში დიადი თურქი ერის ყოფნა საეჭვო გახდა

ნატო-ში დიადი თურქი ერის ყოფნა საეჭვო გახდა – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა განაცხადა.

იალჩინ ტოპჩუმ თურქეთის მიმართ ნატო-ს მოქმედებას სასტიკი და შეურაცხმყოფელი უწოდა.

თურქეთსა და სამხედრო ბლოკს შორის ურთიერთობები გასულ კვირას მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნორვეგიაში ნატო-ს წვრთნების მიმდინარეობისას თურქეთის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის სახელები პირობითი „მტრების“ სიაში აღმოჩნდა.

ინციდენტის შემდეგ, თურქეთმა სამხედრო წვრთნებიდან 40 სამხედრო მოსამსახურე გამოიწვია.

„რაც ნატო-მ გააკეთა, სკანდალია. მათ იციან, რომ ჩვენი ქვეყნის შეჩერება შეუძლებელია და სწორედ ამიტომ გავხდით სამიზნე. ეს არ არის პიროვნული და პარტიული საკითხი, სამიზნე თურქეთი და თურქი ხალხია“ – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მმართველი პარტიის შეკრებაზე.

ინციდენტის შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თურქეთს ბოდიში მოუხადა. თურქეთს ნატო-ში აშშ-ის შემდეგ სიდიდით მეორე არმია ჰყავს.