თურქეთის პრეზიდენტის აპარატში აცხადებენ, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „ოპერაციული ცენტრის“ შექმნასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეულია
თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთი ალთუნი აცხადებს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „ოპერაციული ცენტრის“ შექმნასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეულია. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ალთუნმა იტალიურ გამოცემა Il Messagero-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვასრულებდით ფასილიტატორის როლს და ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა კონსენსუსი სტამბოლში ოპერაციული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ მარცვლეულით დატვირთული ხომალდები რაც შეიძლება მალე გაემგზავრება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელმა.
ფაჰრეთინ ალთუნის თქმით, თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პროცესის უსაფრთხო შესრულებას და ნებისმიერი ინციდენტის აღკვეთას. „გვაქვს ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ მალე ამ საკითხში გადაიდგმება საგრძნობი ნაბიჯები“, – აღნიშნა მან.
ალთუნმა ასევე ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე და აღნიშნა, რომ ანკარა მიისწრაფვის, ხელი შეუწყოს „სამართლიან მშვიდობას“ ნებისმიერ გარემოებებში. მან ასევე გააკრიტიკა ის ქვეყნები, რომლებიც მისი თქმით, ომის გაჭიანურებას უჭერენ მხარს რუსეთის დასუსტების მიზნით, თუმცა ეს ქვეყნები არ დაუსახელებია.
ამას გარდა, ერდოღანის მრჩეველმა განაცხადა, რომ თურქეთი არ შეუერთდება მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს, თუ ისინი გაერო-ს დონეზე არ დაწესდება.