თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა სამძიმრისა და მხარდაჭერისთვის, საუბრისას სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებით უახლესი ვითარება განიხილეს
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრის დროს განიხილეს საქართველოში ჩამოვარდნილი ჩვენი სამხედრო თვითმფრინავის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებთან დაკავშირებით უახლესი ვითარება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების გამო სამძიმარი გამოუცხადა. სატელეფონო საუბრის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა სამძიმრისა და მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.
Cumhurbaşkanımız @RTErdogan, Gürcistan Başbakanı Irakli Kobakhidze ile bir telefon görüşmesi gerçekleştirdi.
Görüşmede Gürcistan’da düşen askeri kargo uçağımız ile ilgili başlatılan arama kurtarma çalışmalarındaki son durum ele alındı.
Gürcistan Başbakanı, kazada şehit düşen…
— T.C. Cumhurbaşkanlığı (@tcbestepe) November 11, 2025