თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტერორიზმი ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება და თურქეთი გააგრძელებს ბრძოლას ტერორისტული ორგანიზაციების აღმოსაფხვრელად
თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტერორიზმი ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება და თურქეთი გააგრძელებს ბრძოლას ტერორისტული ორგანიზაციების აღმოსაფხვრელად

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.

ერდოღანმა კორონავირუსის პანდემიის შესახებ ისაუბრა და განცხადა, რომ მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობისა, პანდემიის ნეგატიური შედეგები ჯერ კიდევ ნარჩუნდება. სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა თურქული წარმოების ვაქცინის „თურქოვაკის“ შექმნის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, სირცხვილია, რომ დღემდე მიმდინარეობს ვაქცინების ნაციონალიზაცია სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, ისეთი გლობალური კატასტროფის დაძლევა კი, როგორიც „კოვიდ-19“-ის პანდემიაა, მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობით და სოლიდარობით არის შესაძლებელი.

ერდოღანი ავღანეთის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ავღანელი ხალხი მარტო აღმოჩნდა 40 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტებისა და არასტაბილურობის ფონზე. მისი თქმით, თურქეთი საკუთარ მოვალეობას შეასრულებს და გააგრძელებს ავღანელი ხალხისთვის დახმარების აღმოჩენას და მხარდაჭერას.

სირიის კონფლიქტზე საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას კონფლიქტის კიდევ 10 წლით გახანგრძლივება და აუცილებელია კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე მოგვარება, რადგან თურქეთს აღარ აქვს შესაბამისი რესურსები და სურვილი, საკუთარ თავზე ახალი მიგრაციული ტალღა მიიღოს. მისი თქმით, ბოლო ათწლეულმა აჩვენა, რომ ტერორიზმი ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება მსოფლიოსთვის და თურქეთი გააგრძელებს ბრძოლას ტერორისტული ორგანიზაციების აღმოსაფხვრელად.

გარდა ამისა, ერდოღანი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტსაც შეეხო და განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში სტაბილური სიტუაცია არ დამყარდება, ვიდრე პალესტინელი ხალხის დევნა გრძელდება. მისი თქმით, აუცილებელია გეოგრაფიულად ინტეგრირებული პალესტინის სახელმწიფოს შექმნა 1967 წლის საზღვრებში, რომლის დედაქალაქი იერუსალიმი იქნება.