თურქეთის პარლამენტში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაშლისა და განიარაღების კანონპროექტი შევიდა
საილუსტრაციო ფოტო
5 აგვისტოს, თურქეთის მმართველმა კოალიციამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ (ქმპ) მშვიდობის მიღწევას ისახავს მიზნად. დოკუმენტი ითვალისწინებს ორგანიზაციის ყოფილი მებრძოლების სისხლისსამართლებრივი დევნისგან ნაწილობრივ დაცვას, ასევე ქმპ-ს წევრობისთვის მსჯავრდებული მრავალი პირის მიმართ სასჯელის აღსრულების შეჩერებას.
კანონპროექტმა, რომლის მიღებასაც თურქეთის ეროვნული ასამბლეა ამ კვირის ბოლოს გეგმავს, მისი ავტორების ჩანაფიქრით, ჩრდილოეთ ერაყში ბაზირებული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ათასობით ყოფილი მებრძოლის თურქეთში შესაძლო დაბრუნების ხელშეწყობით, წერტილი უნდა დაუსვას მრავალწლიან კონფლიქტს.
„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაშლისა და განიარაღების ფაქტების გადამოწმებაზე თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება პასუხისმგებელი. ამასთან, შეიქმნება საზედამხედველო ფუნქციის მქონე კომიტეტი, რომელშიც შევლენ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, მინისტრები და თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი. ეს სტრუქტურა გააკონტროლებს კანონის აღსრულებას, რომლის თანახმად, ქმპ-ს მებრძოლები უნდა განიარაღდნენ და ჩაბარდნენ ხელისუფლებას.
კანონპროექტი თურქეთში პარტიზანული ომის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ კონფლიქტს, 1984 წლიდან მოყოლებული, სულ მცირე, 40 000 ადამიანი ემსხვერპლა. მან ასევე ასევე გამოიწვია ძალადობის ესკალაცია ერაყისა და სირიის საზღვრისპირა რეგიონებში.