თურქეთის ოთხი ოპოზიციური პარტია ვადამდელი არჩევნებისთვის ალიანსს შექმნის
თურქეთის ოთხი ოპოზიციური პარტია ვადამდელი არჩევნებისთვის ალიანსს შექმნის

თურქეთის ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ვადამდელი არჩევნებისთვის ალიანსის შექმნის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, „რესპუბლიკური სახალხო პარტია“, „კარგი პარტია“, „ისლამისტური საადეთის პარტია“ და „დემოკრატიული პარტია“ ალიანსის შესახებ ოფიციალურად 3 მაისს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე განაცხადებენ.

ოპოზიციური პარტიების შეთანხმება პრეზიდენტ ერდოღანის მმართველი ალიანსის წინააღმდეგ ძლიერ კოალიციას ქმნის. თურქეთის პარლამენტში მოსახვედრად პარტიებისთვის 10%-იანი ზღვარია დაწესებული.

ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის თურქეთის მმართველმა, „სამართლიანობის და განვითარების პარტიამ“ ალიანსი ოპოზიციური „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიასთან“ შეკრა. საარჩევნო ალიანსების ჩამოყალიბების ბოლო ვადად 6 მაისი განისაზღვრა.

თურქეთში ვადამდელი არჩევნები 24 ივნისს ჩატარდება. არჩევნების შემდეგ თურქეთი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადადის.