თურქეთის მთავრობა საფრანგეთს ლიბიაში კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებს
თურქეთის მთავრობა საფრანგეთს ლიბიაში კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებს

თურქეთის მთავრობა საფრანგეთს ლიბიაში კრიზისის გამწვავებასა და ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ხალიფა ჰაფთარის ძალების მხარდაჭერით საფრანგეთი არღვევს გაერო-სა და ნატო-ს გადაწყვეტილებებს.

„მხარდაჭერა, რომელიც საფრანგეთმა აღმოუჩინა პუტჩისტ და მეკობრე ჰაფთარს, ამწვავებს კრიზისს ლიბიაში“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

„ის, რაც ნამდვილად იწვევს შეშფოთებას, არის საფრანგეთის ბნელი კავშირები. ნატო-ს მოკავშირისთვის ამგვარი ქმედებები მიუღებელია“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, მიმდინარე კვირის დასაწყისში საფრანგეთის ხელისუფლება ნატო-ს მოკავშირეებს შორის ლიბიაში თურქეთის „მზარდი აგრესიული როლის“ განხილვის ინიციატივით გამოვიდა. პარიზი ანკარას გაერო-ს მიერ ლიბიისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს დარღვევაში და ამით სამშვიდობო ძალისხმევის შეფერხებაში სდებს ბრალს. საფრანგეთის ხელისუფლება ხალიფა ჰაფთარის მხარდაჭერას უარყოფს.

თურქეთი მხარს უჭერს ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას, რომელსაც სათავეში ფაიეზ სარაჯი უდგას. გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობის წინააღმდეგ ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი იბრძვის, რომელსაც ტრიპოლის აღება სურს.